ვუოკატი-2021 უკუთვლას შეუდგა

ფინეთის ვუოკატიში, სოტკამოს მოედანზე საათი ჩაირთო, რომელიც ევროპის XV ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალამდე დროს აითვლის.
ახალგაზრდული ფესტივალი 2021 წლის 6 თებერვალს გაიხსნება და 12 თებერვალს დაიხურება.
„ფესტივალის ჩატარება ვუოკატისთვის, კაინუუს რეგიონისთვის და სრულიად ფინეთისთვის დიდი გამოცდაა. მოუთმენლად ველით ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და ოლიმპიური სულის შეგრძნებაზე ვოცნებობთ," - განაცხადა ვუოკატის მერმა მიკა კილპელიაინენმა.
2021 წლის ევროპის XV ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 14-დან 18 წლამდე სპორტსმენები მედლებს გაითამაშებენ სპორტის 7 სახეობაში: სამთო თხილამურობა, ბიათლონი, ბარის თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ჰოკეი, შორტ-ტრეკი და სნოუბორდი.