ტოკიო-2020-ის პრეზიდენტის იოშირო მორის განცხადებით, ათლეტების გარეშე ოლიმპიური თამაშები არ იქნება

23 მარტი 2020

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი იოშირო მორი მათ პასუხობს, ვინც იაპონიას იმის გამო აკრიტიკებს, თითქოს XXXII ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა COVID-19 ვირუსის ფონზე ათლეტთა კეთილდღეობაზე არ ზრუნავს.

„სწორედ იმიტომ, რომ ათლეტთა კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, სხვადასხვა ვარიანტები განიხილება, მათ შორის ყველაზე მძიმეც, რამეთუ თუ არ არის სპორტსმენი, არ არის ოლიმპიური თამაშები," - განაცხადა იოშრო მორიმ.

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ საორგანიზაციო კომიტეტში „ისეთი უგუნურები არ არიან", რომ კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, პირვანდელი გეგმით იმოქმედონ.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ტოკიოში ოლიმპიური თამაშების  ჩატარება ჩვეულ ფორმატში არ მოხერხდა, მაშინ მისი გადატანის ვარიანტი განიხილება.