პეკინი-2022 უნიფორმების დიზაინზე განაცხადებს იღებს

პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტი ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მომსახურე პერსონალისთვის და მოხალისეებისთვის ოფიციალური უნიფორმების დიზაინის შემუშავებაზე ზრუნვას შეუდგა.
2022 წლის თამაშების მასპინძლები ექვსი კატეგორიის უნიფორმის (სპორტული ჟაკეტი, სპორტული შარვალი, თბილი ჟაკეტი, დათბილული შარვალი, ნაქსოვი ქუდი და კაშნე) დიზაინზე შემოთავაზებებს მთელი მსოფლიოდან ელიან.
საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა პეკინის დროით 10 ივნისის 17 საათი.
პეკინი-2022-ის მიერ შერჩეული დიზაინისთვის, რომელიც შემდგომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს, დაკავებული ადგილების შესაბამისად დაწესებულია 10 ათასიდან 100 ათას იუანამდე (1400-დან 14 100 აშშ დოლარამდე) ჯილდო.
„ტანსაცმლის დიზაინი თამაშების იერის განუყოფელი ნაწილია. ეს არის თამაშების იმიჯის მეტად დასამახსოვრებელი შტრიხი. ტანსაცმლის დიზაინით გვსურს ავსახოთ ოლიმპიური ღირებულებები, პეკინი-2022-ის ხედვა და ჩინური ცივილიზაციის მდიდარი და საოუცხოო ისტორია. ვიმედოვნებთ, ეს დადებითი გრძნობების აღძვრაში დაგვეხმარება და მსოფლიოს ჩინეთის ოლიმპიურ ისტორიას გააცნობს," - განაცხადა პეკინი-2022-ის ადამიანური რესურსების დირექტორმა იან ჩენმა.