COVID-19-თან ბრძოლის სამუშაოები უშუალოდ ტოკიო-2020-ის გახსნის ცერემონიამდე გაგრძელდება

11 სექტემბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს ონლაინ-სხდომაზე 2021 წლისთვის გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების და პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისი განიხილეს.

მოხსენებით გამოვიდა ტოკიო-2020-ზე IOC-ის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე ჯონ კოუტსი და ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მათ შორის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებების შემუშავებაზე, თამაშების მომავალი წლისთვის გადავადებით გამოწვეული ხარჯების ოპტიმიზაციაზე.

კოუტსის თქმით, COVID-19-თან ბრძოლის სამუშაოები უშუალოდ თამაშების გახსნის ცერემონიამდე გაგრძელდება. ამავე საკითხს განსახილველად მიუბრუნდებიან 24-25 სექტემბერს - საკოორდინაციო კომისიის მორიგ სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობას  მიიღებენ ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის, იაპონიის და ტოკიოს მთავრობის და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები.

„მობილიზებულნი ვართ უსაფრთხო და წარმატებული თამაშების ჩასატარებლად. ყოველდღიურად ცვალებადი ვითარება გავლენას ახდენს ღონისძიების დაგეგმაზე. ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. რთულია იმის განჭვრეტა, ერთი წლის შემდეგ როგორი სიტუაცია იქნება მსოფლიოში. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ, სოციალური დისტანცირებაა. გარდა ამისა, მუშავდება ათლეტთა ტესტირების საკითხები. ზუსტად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ოლიმპიური თამაშები უსაფრთხო იქნება ყველა მონაწილისთვის," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

თავის გამოსვლაში პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების  საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელმა ხუან ანტონიო-სამარანჩ-უმცროსმა ასევე მაღალი შეფასება მისცა საორგანიზაციო კომიტეტს, ჩინეთის მთავრობასა და IOC-ს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს ობიექტების ხარისხიან და სწრაფ მშენებლობას, პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის პერსონალის პროფესიულ ზრდას, ასევე ახალ სპონსორთა მოზიდვას. ჩინური მხარე ყველაფერს აკეთებს თამაშების სამზადისზე და მის ჩატარებაზე კორონავირუსის პანდემიის უარყოფით ზეგავლენასთან გასამკლავებლად.

სპორტსმენთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის კამპანიის ფარგლებში,  სპორტში უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თანამშრომელთა მოსამზადებლად ახალ  საგანმანათლებლო პროგრამას ამზადებს. ყველა მსმენელი ვინც გამოცდას ჩააბარებს, მიიღებს „სპორტსმენთა დაცვის სპეციალისტის" სერტიფიკატს.

„ათლეტთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ოლიმპიური მოძრაობისთვის უმთავრესი მნიშვნელობა აქვს, - აღნიშნავს თომას ბახი, - IOC ყველაფერს იღონებს მათი უფლებების დასაცავად. ჩვენი საგანმანათლებლო პროექტის მიზანია ამ მეტად მნიშვნელოვან სფეროში ცნობიერების დონის ამაღლება, ასევე ძალადობის ნებისმიერ ფორმასთან ბრძოლის გაძლიერება."