სანდრო ბაზაძემ მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე მესამე ადგილი დაიკავა

ბუდაპეშტში, მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა სეზონის პირველ წარმატებას მიაღწია - გუნდის ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მომავალმა პრიზიორმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო - ჯერ პოლონელ მატეუშ კნეზს აჯობა, შემდეგ რუსები - ანატოლი კოსტენკო და ვენიამინ რეშეტნიკოვი დაამარცხა. ბაზაძემ მეოთხედფინალში იტალიელ ენრიკო ბერესაც მოუგო, მაგრამ ნახევარფინლაში გასული, მასპინძელ არონ ჟილაგისთან დამარცხდა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, ამჯერად კი ტოკიოს ოლიმპიადისთვის ემზადება.