ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ესტაფეტა 25 მარტს დაიწყება

16 მარტი 2021

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორთა ცნობით, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა, გეგმისამებრ, 25 მარტს, 2011 წელს მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებულ ფუკუშიმას პრეფექტურაში დაიწყება.

ოლიმპიურ თამაშების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს მოგზაურობა ფუკუშიმას ყოფილი საფეხბურთო ცენტრიდან აიღებს სტარტს და ქვეყნის ყველა - 47 პრეფექტურას მოივლის.

აღნიშნულია, რომ ცერემონია და ესტაფეტა, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობის დასწრებით ჩაივლის.

„თამაშების ორგანიზატორები ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტისას უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ ისწრაფვიან და იღებენ კონტრზომებს, რათა მაყურებლებს, მეჩირაღდნეებს, მომსახურე პერსონალსა და ესტაფეტის სხვა მონაწილეებს შორის,  ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში  ინფექციის გავრცელების აღმოსაფხვრელად," - ნათქვამია ტოკიო-2020-ის განცხადებაში.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 121 დღეს გაგრძელდება და 23 ივლისს, ტოკიოში ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს დასრულდება.