აივენგო რიკაძემ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ფრიდონ აბულაძემ - ბრინჯაოსი

23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა და საერთო მონაგარი სამამდე გაზარდა. უმაღლესი სინჯის მედალი დაისაკუთრა აივენგო რიკაძემ (82 კგ).
მომავალმა ჩემპიონმა სტარტზე ესტონელი რანელ კალიოლა 3:0 დაამარცხა, მერვედფინალში აშკარა უპირატესობით - 9:0 მოუგო ფინელ ოტო კეტონენს, მეოთხედფინალში რუსეთის წარმომადგენელი შამილ ოჟაევს 5:3 გაუმკლავდა, ხოლო ფინალის საგზურისთვის ორთაბრძოლაში 5:3 დაამარცხა ირანელი მოჰამად აზიზ ნაგუსი. ფინალში რიკაძის მეტოქე იყო შვეიცარიელი რამონ ბეტჩარტი, რომელსაც 5:1 მოუგო და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.