სპორტის მენეჯმენტის კურსების წარმატებულ კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები გადაეცათ

17 ნოემბერი 2021

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სპორტის მენეჯმენტის კურსების წარმატებული მონაწილეებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია.

სპორტის მენეჯმენტის კურსების კურსდამთავრებულებს  დიპლომები გადასცეს  სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

სპორტის მენეჯმენტის კურსები უკვე მე-10 წელია  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პროგრამული დაფინანსებით  ტარდება. 2021 წელს კურსები წარმატებით დაამთავრა 28 მონაწილემ.

პროექტი მიზნად ისახავს სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებული სპეციალისტების, მწვრთნელებისა და  მოხალისეების  კვალიფიკაციის ამაღლებას ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის ძირითად საკითხებზე.

პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, მენეჯმენტის კურსების მონაწილეებმა შეუფერხებლად შეძლეს ამომწურავი ინფორმაციის მიღება პროგრამით გათვალისწინებულ 6 თემაზე, კერძოდ, ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსებისა და ფინანსების მართვა, მარკეტინგი და მასშტაბური სპორტული ღონისძიების ორგანიზება.

სპორტის მენეჯმენტის უმაღლეს კურსებს  უძღვებოდნენ სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, კურატორები და  მოწვეული ექსპერტები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.