ალექსანდრე წივწივაძემ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა

ბელგრადში მიმდინარე 19 და 23-წლამდელ კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ლიდერმა ალექსანდრე წივწივაძემ უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.
წივწივაძემ წარმატებით იასპარეზა 1000-მეტრიან დისტანციაზე: საკვალიფიკაციო გაცურვა მეორე შედეგით (4:11.916 წთ) დაასრულა და ფინალში საუკეთესო სამეულთან ერთად ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველმა ნიჩბოსანმა ფინალში უკეთ იასპარეზა, მანძილი 3:58.457 წუთში გაიარა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი ბელგრადის ევროპის პირველობას მოქმედი ჩემპიონის რანგში ეწვია. ასე რომ, ქართველმა სპორტსმენმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა კონტინენტის საუკეთესო კანოეისტის წოდება (შარშან წივწივაძის შედეგი იყო 4:01.093 წთ).
ალექსანდრე წივწივაძე 26 ივნისს ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიან დისტანციაზეც შეეცდება მედლისთვის ბრძოლას. მან საკვალიფიკაციო გაცურვა 43.582 წამში დაფარა და პირველი ადგილით ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.