ბექაურმა და მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული ფინალი შემოგვთავაზეს

11 მაისი 2023

პირველად დამოუკიდებელი ქართული ძიუდოს ისტორიაში დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული ფინალი შედგა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთში მოუწიათ ურთიერთობის გარკვევა ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელს და ევროპის ჩემპიონს ლაშა ბექაურს და მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ბრინჯაოს მედლების და ევროპული თამაშების ბრინჯაოსან ლუკა მაისურაძეს.

ბექაურმა ფინალამდე ტაჯიკი, სერბი, ნეიტრალური  სახელით მოასპარეზე რუსი და იაპონელი მეტოქეები დაამარცხა, მაისურაძემ კი - უნგრელი, თურქი, ნიდერლანდელი და იტალიელი მოწინააღმდეგეები.

გადამწყვეტ შეხვედრაში, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში ოქროს მედალი საქართველოს დარჩებოდა, მაისურაძემ ვაზარით მოიგო და ქართული სპორტის ისტორიაში გახდა 67-ე წარმომადგენელი, რომელმაც ოლიმპიურ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

გასათვალისწინებელია, რომ გაისად პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ასე რომ, ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლაშა გუჯეჯიანს 90 კილოგრამში მაისურაძესა და ბექაურს შორის რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს.

ერთი დღით ადრე ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონობა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ), უფრო ადრე უმსუბუქეს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა გიორგი სარდალაშვილმა.