ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბელგრადში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები ათივე წონით კატეგორიაშია წარმოდგენილი, მსოფლიო ჩემპიონმა, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ნუგზარ წურწუმიამ უმსუბუქეს - 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვეცხლის მედალი მოიპოვა.
მომავალი მედალოსანი ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. 10-0 დაამარცხა იორდანიელი მეტოქე, შემდეგ 5-2 მოუგო უზბეკეთის წარმომადგენელს. ნახევარფინალში 5-3 დაამარცხა ყაზახი სპორტსმენი და ისევე როგორც შარშან, გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ბელგრადის ხალიჩაზეც იგივე განმეორდა - ჩვენმა მოჭიდავემ შეხვედრაში წარმატებას ვერ მიაღწია და წმინდად დამარცხდა.
ცნობისთვის: მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ფალავნები, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურებისთვის იბრძვიან. ამისთვის ექვს - 60, 67, 77, 87, 97 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში მედალოსნობაა საჭირო. პრიზიორთა გარდა, ლიცენზიას გაითამაშებენ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხებული ფალავნები, რომლებიც დამატებით ფინალში იასპარეზებენ.