გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს
პარიზის ოლიმპიური თამაშების მე-14 საშეჯიბრო დღეს, მარსის ველზე საგანგებოდ მოწყობილ მოჭიდავეთა სარბიელზე, საქართველოს ოლიმპიური გუნდი ერთადერთი სპორტსმენით, გენო პეტრიაშვილით (125 კგ) იყო წარმოდგენილი.
ქართველმა მძიმეწონოსანმა მისთვის მესამე ოლიმპიური თამაშები დამაჯერებლად დაიწყო. ნაკრების ლიდერმა პირველ შეხვედრაში 11-0 დაამარცხა უკრაინელი ოლეკსანდრ ხოტსიანივსკი და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
გენომ ასევე იოლად გაიარა მეოთხედფინალური ბარიერიც, სადაც პოლონელი რობერტ ბარანი 9-2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ფინალისკენ მიმავალ გზაზე პეტრიაშვილს ურთიერთობის გარკვევა მოუწია 2023 წლიდან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ევროპის ჩემპიონატების პრიზიორ გიორგი მეშვილდიშვილთან.
გენო პეტრიაშვილმა აქაც დამაჯერებლად - 7-0 გაიმარჯვა და მისთვის მეორე ოლიმპიურ ფინალში გავიდა.
10 აგვისტოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი თავის კოლექციას კიდევ ერთ მედალს შემატებს. ახლა გასარკვევია მედლის ხარისხი. ფინალში ქართველი ფალავანი დაეჭიდება ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ირანელ ამირ ჰოსეინ ზარე.
10 აგვისტოს ასევე იასპარეზებენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ), ხოლო ფიცარნაგზე გავლენ ძალოსნები: ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) და ლაშა ტალახაძე (+102 კგ).