ბრაშოვში შვიდი სპორტსმენით

18 იანვარი 2013

1990 წელს იმხანად ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (ეოკ-ი) ხელმძღვანელის, დღეს კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) პრეზიდენტის, ჟაკ როგის ინიციატივით ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური თამაშების ჩატარების იდეა გაჩნდა, რომელიც 2003 წლიდან ფესტივალის სახელს ატარებს. ამ წამოწყებას ხორცი მალევე შეესხა და ერთი წლის შემდეგ ეოკ-ის ეგიდითა და სოკ-ის პატრონაჟით ბრიუსელმა პირველ თამაშებსაც უმასპინძლა, ხოლო ზამთრის ანალოგიური სპორტული ღონისძიება სათავეს 1993 წლიდან იღებს. გადაწყდა, რომ ორივე თამაშები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართებოდა.

არცთუ ისე მდიდარი ისტორიისა, ამ შეჯიბრებებს ევროპის სპორტულ რუკაზე გამორჩეული ადგილი უჭირავს და მას სპეციალისტები პირობითად "მცირე ოლიმპიადასაც" კი უწოდებენ.

ეს შესავალი იმიტომ დაგვჭირდა, რომ მოახლოვდა ევროპის რიგით XI ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც 17-22 თებერვალს რუმინეთის ქალაქი ბრაშოვი უმასპინძლებს, სადაც ძალებს ქართველი სპორტსმენებიც მოსინჯავენ. მანამდე, რიგი სუბიეტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, საქართველომ ორი თამაშები (1999 და 2001 წწ) გამოტოვა. აქამდე, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ვახტანგ მურვანიძემ აჩვენა - 1997 წლის სუნდსვალის (შვედეთი) თამაშებზე ფიგურალ ციგურაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბრაშოვში 45-მდე ქვეყნის 1300-ზე მეტი სპორტსმენი მოიყრის თავს, რომლებიც მედლებს სპორტის 8 სახეობაში (სამთო სათხილამურო სპორტი, თხილამურებით რბოლა, ტრამპლინიდან ხტომა, შორტ-ტრეკი, ჰოკეი, ფიგურული ციგურაობა, ბიატლონი და სნოუბორდი) გაითამაშებენ. საქართველო ფესტივალზე 7 სპორტსმენით წარსდგება. ნიკოზოლ კოზანაშვილი, სოსო ჯაფარიძე, შოთა ნათაძე, სანდრო ობგაიძე ბედს სამთო-სათხილამურო სპორტში ცდიან, გიორგი წამალაიძე და ბექა მერკვილიშვილი სნოუბორდში, ხოლო არმენ აგაიანი ფიგურულ ციგურაობაში იასპარეზებს. საქართველოს დელეგაციას ბრაშოვში სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი უხელმძღვანელებს, რომელიც კურირებას ზამთრის სპორტს გაუწევს, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი გიორგი ესაკია იქნება.