ერთი ჩემპიონის ისტორია

სოკ-მა "მარაკანა" დაიწუნა

08 აპრილი 2013

მართალია 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე, რომელსაც რიო დე ჟანეირომ უნდა უმასპინძლოს ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი, მაგრამ მცირე სკანდალი მის ირგვლივ უკვე აგორდა. საქმე "მარაკანას" ლეგენდარულ სტადიონს ეხება, რომელსაც სერიოზული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და გეგმის მიხედვით აპრილის ბოლოს უნდა გაიხსნას.

სპორტის გულშემატკივარს ეცოდინება, რომ ოლიმპიურ თამაშებამდე ბრაზალიაში ფეხბურთში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს და ბუნებრივია, რამდენიმე მატჩი "მარაკანაზეც" გაიმართება. მანამდე კი, 2013 წლის ზაფხულში ეს სტადიონი კონფედერაციის თასის გათამაშებას უმასპინძლებს.

"რიო 2016"-ის საორგანიზაციო კომიტეტს საფიქრალი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გაუჩინა. როდესაც ქალაქში ასეთი დონის სტადიონია ლოგიკურია, რომ ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალები, ასევე შეჯიბრებები მძლეოსნობაში სწორედ "მარაკანაზე" დაგეგმო და სხვა ალტერნატივაზე არ იფიქრო, თუმცა...

განახლებული "მარაკანა" შესაძლოა კვლავ დაიხუროს. სოკ-ის განცხადებით იგი საერთაშორისო ოლიმპიურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, არენის სახურავი დადგენილი 120 ტონის ნაცვლად, მხოლოდ 81 ტონა დატვირთვას უძლებს, რაც საშიშია უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამას გარდა, სოკ-მა დაიწუნა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრებისა და პარკირების განლაგება.

მოკლედ "მარაკანას" სტადიონს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კიდევ ერთი რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.