საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

წიგნები ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე

 

მოგზაურობა ოლიმპეთში

    

ჟურნალი ოლიმპიელი

ერთი ჩემპიონის ისტორია

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

15 მაისი 2026

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია.

ფესტივალის გენერალური სპონსორია სპონსორია - Coca-Cola Bottlers Georgia - ორი ფლაგმანი ბრენდით - კოკა-კოლა და წყალი ,,მთის".

ფესტივალის ფინალურ ასპარეზობას 2026 წლის 2-6 ივნისს უმასპინძლებს ბათუმი. შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 17 სახეობაში: ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა (ვაჟები), კალათბურთი 3X3 (გოგონები, ვაჟები), კრივი (ვაჟები), მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები), მინი-ფეხბურთი (ვაჟები), მძლეოსნობა (გოგონები, ვაჟები), მხატვრული ტანვარჯიში, ტაეკვონდო (გოგონები, ვაჟები), ფრენბურთი (გოგონები), ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები), ცურვა (გოგონები, ვაჟები), ძიუდო (შერეული გუნდური), ხელბურთი (ვაჟები), 14-17 წლის სპორტსმენებს (დაახლოებით 1200 სპორტსმენი) შორის, საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდების მონაწილეობით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი).

ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება 2 ივნისს, ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე, დახურვის ცერემონია 5 ივნისს - ბათუმის ბულვარში.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი წარმოადგენს პირველ მულტისპორტულ, მასშტაბურ შეჯიბრებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეგიონების ნაკრები გუნდები. პროექტი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, სპორტის, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ფესტივალის ფინალურ ეტაპს წინ უძღვოდა მუნიციპალური და რეგიონული შეჯიბრებები, რომელიც ხორციელდება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, ფესტივალში მონაწილე სპორტის სახეობების ეროვნული სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმართველობის და სამხარეო ადმინისტრაციების აქტიური ჩართულობით და ორგანიზებით.

ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები, ფესტივალის მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქულათა ჯამური მაჩვენებლით.