IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს ონლაინ სხდომაზე ტოკიო-2020-ზე იმსჯელეს

22 აპრილი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს ონლაინ-სხდომაზე ტოკიოს და მილანის და კორტინა დ'ამპეცოს ოლიმპიური თამაშების სამზადისზე იმსჯელეს.

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელთა გამოსვლისას აღინიშნა, რომ იაპონიის დედაქალაქი თამაშების სამასპინძლოდ სრულად მზად არის. XXXII ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა ყურადღება გაამახვილეს კორონავირუსის შემაკავებელ ღონისძიებებზე. მათი თქმით, შესაბამისი სამუშაოები ფინიშის სწორზეა გასული, რაც თამაშების უსაფრთხოდ და წარმატებით ჩატარების საშუალებას იძლევა.

„ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ტოკიო კვლავაც რჩება ყველაზე მომზადებულ ქალაქად, - აღნიშნავს IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი, - საორგანიზაციო კომიტეტისგან და საკოორდინაციო კომისიისგან მიღებული ინფორმაციების წყალობით, ამაში ერთხელაც დავრწმუნდით. თამაშები სწრაფი ნაბიჯებით გვიახლოვდება. შეჯიბრებების მონაწილეთათვის ეპიდსაწინააღმდეგო წესების განახლებული რედაქციის შესამუშავებლად ნაყოფიერ მუშაობას ვაგრძელებთ საერთაშორისო პარალიმპურ კომიტეტთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ისინი მეცნიერულად გამყარებული და მეტად კონკრეტული იქნება. ვვარაუდობთ, რომ შესაბამისი დოკუმენტი თვის ბოლომდე გამოქვეყნდება."

IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის შესახებ მოხსენებაც მოისმინა. ცნობილია, რომ ცეცხლი 47-დან 14 პრეფექტურას ეწვია და კვლავაც აგრძელებს მოგზაურობას. ესტაფეტაში დაახლოებით 2500-მა მეჩირაღდნემ მიიღო მონაწილეობა და კიდევ 7900-ზე მეტი იაპონელი ემზადება ამ საპატიო მისიის შესასრულებლად.