თომას ბახმა იაპონიის პრემიერ-მინსტრთან და ტოკიო-2020-ის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრისას ოლიმპიური თამაშების სამზადისი განიხილა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტს თომას ბახს, იაპონიის პრემიერ-მინისტრ იოსიჰიდე სუგას და ტოკიო-2020-ის ხელმძღვანელ სეიკო ჰასიმოტოს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა, სადაც მხარეებმა ოლიმპიური თამაშების სამზადისი განიხილეს.
"თბილი მიღებისთვის მინდა გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო იაპონიის მთავრობის და ხალხის მიმართ, - აცხადებს თომას ბახი, - გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე დღე რჩება. ახლა ტოკიოში მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ათლეტები. თამაშები გააერთიანებს მსოფლიოს მთელი თავისი მრავალფეროვნებით. ის გვაჩვენებს, რომ ერთად ძლიერები ვართ. ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა შეჯიბრებებისთვის სამზადისში უდიდესი სამუშაო გასწია. ყოველივე შესაძლებელი გახდა საოცარო მოხალისეების და პერსონალის ძალისხმევით, რომლებიც საკუთარი საქმის ერთგულები არიან."
IOC-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სპორტსმენთა და ოფიციალურ პირთა 80 პროცენტი, რომლებიც ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებენ (ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლები) ან აცრილები არიან კორონავირუსზე ანაც ანტისხეულების საკმარისი დონე აქვთ. რაც შეეხება მედიის წარმომადგენლებს, მათი აბსოლუტური უმრავლესობაც ვაქცინირებულია.
"ამ თამაშებისთვის მილიარდობით ადამიანი აპირებს თვალ-ყურის მიდევნებას. ისინი აღფრთოვანებულნი იქნებიან იმით, თუ რას მიაღწია იაპონელმა ხალხმა ამ რთულ დროში," - დასძენს თომას ბახი.
ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, ამ ეტაპისთვის იაპონიაში ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის 8 ათასზე მეტი ადამიანია ჩასული, მათ შორის - საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელები. ყველა მათგანმა ტოკიოს აეროპორტში გაიარა აუცილებელი სამედიცინო ტესტი და მათ შორის მხოლოდ სამს გამოუვლინდა კორონავირუსი.
"ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, ასევე თამაშების წარმატებისთვის აუცილებელია, რომ აბსოლუტურად ყველა მონაწილემ დაიცვას დადგენილი წესები და კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები, - აღნიშნავს იოსიჰიდე სუგა, - როგორც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს იმედი მაქვს, რომ IOC ყველაფერს იღონებს, რათა სპორტსმენებმა და ყველა დაინტერესებულმა მხარემ ის გააკეთონ, რასაც მათგან ითხოვს რეგულაციები."