ერთი ჩემპიონის ისტორია

რიო 2016

08 აპრილი 2013

XXXI ოლიმპიური თამაშები. 2016 წლის  5-21 აგვისტო. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

 

სპორტის სახეობა: 28

მედლების კომპლექტი: 306

 

მონაწილეობდა 207 ქვეყნის 11184 სპორტსმენი ( მათ შორის - 5037 ქალი)

თამაშები გახსნა ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიშელ ტემერმა

ოლიმპიადის გმირი: მაიკლ ფელპსი (აშშ) 

 

ოლიმპიური თამაშები პირველად ჩატარდა სამხრეთ ამერიკაში. 2009 წელს, როდესაც კოპენჰაგენში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 121-ე სესიაზე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მისცეს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბრაზილია ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდებოდა და XXXI ოლიმპიურ თამაშებს მოუმზადებული შეხვდებოდა. სხვა პრობლემებთან ერთად, თავი იჩინა ზიკას ვირუსმაც. მდგომარეობას ართულებდა ოლიმპიადის დედაქალაქში არსებული კრიმინოგენური ვითარება, ასევე თამაშების პირველივე დღიდან შექმნილი საორგანიზაციო ქაოსი. რიოს თამაშები ისტორიაში დოპინგსკანდალებითაც შევიდა, რომელმაც რუსეთის დელეგაციის თითქმის ნახევარი ოლიმპიადის მიღმა დატოვა.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი გუნდის სახელით პირველად წარსდგა კოსოვოს. რიოში დევნილ ოლიმპიელთა გუნდის სახელით ჩავიდნენ სამხრეთ სუდანიელი, სირიელი, ეთიოპიელი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტსმენები. დამოუკიდებელ ათლეტთა გუნდის სახელით გამოვიდა კუვეიტი, ხოლო სტენდზე მსროლელი ფეჰაიდ ალ-დიჰანი გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც დამოუკიდებელ ათლეტთა გუნდში ჩემპიონობა მოიპოვა.

92-წლიანი პაუზის შემდეგ, ოლიმპიურ თამაშებს დაუბრუნდა რაგბი, ოღონდ -  7-კაცა და 7-ქალა რაგბი, რომელშიც, შესაბამისად, ფიჯელებმა და ავსტრალიელებმა გაიმარჯვეს. რაგბისგან განსხვავებით, ოლიმპიურ თამაშებთან უფრო ხანგრძლივი განშორება ჰქონდათ გოლფის ოსტატებს. ვაჟებისთვის 1904 წელს სენტ ლუისში, ქალებისთვის კი 1900 წელს პარიზში აღებული პაუზა რიოში დასრულდა. ვაჟებში ჩემპიონი გახდა ბრიტანელი ჯასტინ როუზი, ქალებში - კორეელი ინბი პარკი.

რიოს თამაშები მსოფლიო რეკორდებითაც მრავალფეროვანი გამოდგა. სპორტის შვიდ სახეობაში - მშვილდოსნობაში, მძლეოსნობაში, თანამედროვე ხუთჭიდში, ველოსპორტში, ტყვიის სროლაში, ცურვაში და ძალოსნობაში 27 მსოფლიო და სამჯერ მეტი ოლიმპიური რეკორდი დამყარდა. რეკორდსმენთა შორის იყო ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელმაც მძიმეწონოსანთა შეჯიბრებაში ატაცისა და აკვრის ჯამში ჩემპიონობა მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდებით (473 კგ) დაიმსახურა.

შეუდარებელნი იყვნენ სამხრეთკორეელი მშვილდოსნები - სწორედ მათ მოიგეს რიოში გათამაშებული ოთხივე ოქროს მედალი ქალთა და ვაჟთა  პირად და გუნდურ ტურნირში. 

100 მეტრზე ქალთა თავისუფალი სტილით ცურვაში ერთბაშად 2 ჩემპიონი გამოვლინდა, ვაჟთა ამავე დისტანციაზე ბატერფლაით  ვერცხლის მედალს 3 სპორტსმენი დაეუფლა. ასევე  თანაზიარი შედეგი აღმოაჩნდა 100 მეტრზე ქალთა გულაღმა ცურვაში და 200 მეტზე კანოეში 2 მესამეადგილოსანს.

აღსანიშნავია 19 წლის ამერიკელი მოცურავის კეტი ლედეკის მიღწევაც. ლედეკი გახდა პირველი ქალი მოცურავე, რომელმაც 200, 400 და 800 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ჩემპიონობით თანამემამულე დები მეიერის მეხიკოს თამაშების (1968) შედეგი გაიმეორა, ხოლო ამერიკელმა ენტონი ერვინმა 16 წლის შემდეგ მეორედ იზეიმა ჩემპიონობა. ერვინმა პირველი ოლიმპიური ოქრო სიდნეიში 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მოიპოვა, მეორე - რიოში და გახდა ყველაზე ასაკოვანი (35) ინდივიდუალური ოქროს მედალოსანი ცურვაში.

მედლების რეკორდულ რაოდენობას მოუყარა თავი ამერიკელმა მოცურავე მაიკლ ფელპსმა, რომელმაც რიოში მოპოვებული 5 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით საკუთარი მონაგარი 28 ოლიმპიურ მედლამდე გაზარდა და 23-გზის ოლიმპიურ ჩემპიონად იწოდება.

უნიკალური იყო იამაიკელი სპრინტერის უსეინ ბოლტის მიღწევაც, რომელმაც ზედიზედ მესამე თამაშებზე 100, 200 და 4X100 რბენაში ოქროები არავის დაუთმო და ცხრაგზის ოლიმპიურ ჩემპიონი გახდა. თუმცა, მოგვიანებით თანაგუნდელის დოპინგზე ჩავარდნის გამო 4X100 მოპოვებული პეკინური ოქროს დათმობა მოუწია.

რიოს ვარსკვლავთა შორის არის ამერიკელი სიმონა ბაილსი, ვინც სპორტულ ტანვარჯიშში 6 შესაძლებლობიდან ხუთში მედალი დაისაკუთრა. მათ შორის, 4 უმაღლესი სინჯის და 1 ბრინჯაოს მედალი. ასევე განსაკუთრებული შედეგია იაპონელი მოჭიდავე ქალის კაორი იჩოს მიღწევა, რომელმაც ისტორიაში პირველმა ზედიზედ მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე (2004, 2008, 2012 და 2016) შეძლო ჩემპიონობა. მსგავსი შედეგით ვერც ვაჟი ფალავნები დაიკვეხნიან.

 

საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები XXXI ოლიმპიადა, ათენი. 40 მონაწილე. 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი.

 

1. ამირან პაპინაშვილი (ძიუდო) V

2. ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო) III

3. ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო) XVII

4. ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო) V

5. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო) II

6. ბექა ღვინიაშვილი (ძიუდო) VII

7. ადამ ოქრუაშვილი (ძიუდო) XVII

8. ესტერ სტამი (ძიუდო) IX

9. შმაგი ბოლქვაძე (ბ/რ ჭიდაობა) III

10. ზურაბ დათუნაშვილი (ბ/რ ჭიდაობა) XVII

11. რობერტ კობლიაშვილი (ბ/რ ჭიდაობა) IX

12. რევაზ ნადარეიშვილი (ბ/რ ჭიდაობა) X

13. იაკობ ქაჯაია (ბ/რ ჭიდაობა) VII

14. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თ.ჭიდაობა) I

15. ზურაბ იაკობაშვილი (თ. ჭიდაობა) X

16. იაკობ მაქარაშვილი (თ. ჭიდაობა) XI

17. სანდრო ამინაშვილი (თ. ჭიდაობა) XI

18. ელიზბარ ოდიკაძე (თ. ჭიდაობა) V

19. გენო პეტრიაშვილი (თ. ჭიდაობა) III

20. სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა) XIII

21. ზაზა ნადირაძე (კანოე) V

22. ირაკლი რევიშვილი (ცურვა) XXXXV

23. თეონა ბოსტაშვილი (ცურვა) XXXXII

24. ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) XXXIII

25. გიორგი ჩხეიძე (ძალოსნობა) XVI

26. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) I

27. ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა) III

28. ანასტასია გოტფრიდი (ძალოსნობა) XII

29. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) XXXIV (10 მ), VI (25 მ)

30. ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა) XXIX (10 მ), XV (50 მ)

31. ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა) VII

32. ვალენტინა ლიაშენკო (მძლეოსნობა) XXXII

33. ბენიკ აბრამიანი (მძლეოსნობა) XXXI

34. ბაჩანა ხორავა (მძლეოსნობა) XIX

35. დავით ხარაზიშვილი (მძლეოსნობა) LXXII

36. ლაშა თორღვაიძე (მძლეოსნობა) მოიხსნა შეჯიბრებიდან

37. ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა) XXXIII (ინდ.), XI (გუნდური)

38. ხათუნა ნარიმანიძე (მშვილდოსნობა) XXXIII (ინდ.), XI (გუნდური)

39. იულია ლობჟენიძე (მშვილდოსნობა) XXXIII (ინდ.), XI (გუნდური)

40. სალომე ფაჟავა (მხ. ტანვარჯიში) XIV