პეკინი 2008
25 ივნისი 2012
XXIX ოლიმპიური თამაშები 2008 წლის 8-24 აგვისტო პეკინი, ჩინეთი
სპორტის სახეობა: 29
მედლების კომპლექტი: 302
მონაწილეობდა 204 ქვეყნის 11028 სპორტსმენი
თამაშები გახსნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ ჰუ ძინატაომ
ოლიმპიადის გმირები:მაიკლ ფელპსი (აშშ) და უსეინ ბოლტი (იამაიკა)
XXIX ოლიმპიური თამაშების დედაქალაქად პეკინი აირჩიეს მოსკოვში 2001 წლის 13 ივლისს გამართულ სოკ-ის 112-ე სესიაზე. სოკ-ის ამ გადაწყვეტილებას პროტესტის ტალღა მოჰყვა და საპროტესტო აქციები ოლიმპიადის დამთავრებამდე გრძელდებოდა. ბევრს მიაჩნდა, რომ ოლიმპიადის ჩატარების ნება არ უნდა მიეცათ ქვეყნისთვის, რომლის ხელისუფლებაც ფეხქვეს თელავს ადამიანის უფლებებს, მასობრივად ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ აღიარებს ტაივანის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. მიუხედავად ამისა, სოკ-ის სესის გადაწყვეტილება არვის გაუუქმებია და ოლიმპიადამ სერიოზული ექსცესების გარეშე ჩაიარა.
სპეციალურად ამ თამაშებისთვის აშენდა 37 ახალი ოლიმპიური ობიექტი, მათ შორის "ჩიტის ბუდედ" მონათლული პეკინის ეროვნული სტადიონი - არქიტექტურული შედევრი, სადაც გაიმართა ოლიმპიადიის გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიალები, მძლეოსანთა შეჯიბრებები. ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის თამაშების ორგანიზატორებმა 40,9 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ოლიმპიადა ჩატარდა დევიზით: "ერთი სამყარო - ერთი ოცნება."
ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალში, რომელზეც ძირითადად მრავალსაუკუნოვანი ჩინური კულტურა იყო წარმოდგენილი, 15 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ამ თვალწარმტაც სანახაობას თვალს ადევნებდა სტადიონზე შეკრებილი 91 ათასი კაცი და 4 მილიარდამდე ტელემაყურებელი. ოლიმპიადის გახსნის დღეს დაემთხვა რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც, ოლიმპიადის პარალელურად, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მცირერიცხოვანი ქართული დელეგაციის წევრთა ნაწილმა და ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა 11 აგვისტოს, პეკინში რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც მსოფლიოს ყველა წამყვანი მედიასაშუალება აშუქებდა. აქციის მონაწილეები ჩინეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ალყაში მოაქციეს და და გადაადგილების სშუალებას არ აძლევდნენ.
მიუხედავად ომით გამოწვეული მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმისა, ქართველი სპორტსმენები წარმატებით გამოვიდნენ - სამ-სამი ოქროსა და ბრინჯაოს მედლები აიღეს და მედლების საერთო რაოდენობით 204 ქვეყანას შორის 27-ე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი ცირეკიძე ( ძიუდო) და რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა).
საერთო გუნდურ ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინელებმა გაიმარჯვეს. მათ სულ 100 მედალი აიღეს, მათ შორის - 51 ოქრო. მართალია აშშ-ს დელეგაციამ 110 მედალი მიითვალა, მაგრამ აქედან მხოლოდ 36 მედალი იყო ოქროსი. 72 მედლით (მათ შორის 23 ოქრო) მესამე ადგილზე რუსეთი გავიდა.
ფენომენალური შედეგი აჩვენა ამერიკელმა მოცურავემ მაიკლ ფელპსმა, რომელმაც 8 ოქროს მედალი აიღო და 7 მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 3 ოქროს მედალი 100 და 200 მეტრზე რბენაში და 4X100 მეტრზე ესტაფეტაში, პლუს 2 მსოფლიო რეკორდი - ასეთია იამაიკელი სპრინტერის, უსეინ ბოლტისშედეგი.
საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები
XXIX ოლიმპიადა, პეკინი. 35 მონაწილე. 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი. მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) -I, ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო) - I, რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - I, გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - II, არსენ კასაბიევი (ძალოსნობა) - II, ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) -III და XVI, ოთარ თუშიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)- III, პლაჟის ფრენბურთი, ვაჟები(რენატო გომესი, ჟორჟე ტერსეირო) - IV, ,ლომერ ჟორჟოლიანი (ძიუდო) -V, ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდო) - V, ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა) - VI, ალბერტ კუზილოვი (ძალოსნობა) - VI, ხათუნა ნარიმანიძე (მშვილდოსნობა) -IX, პლაჟის ფრენბურთი, ქალები (ქრისტინა სანტანა, ანდრეზა ჩაგასი) -მერვედფინალი, ბესარიონ გუჩაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - III წრე, ნიკოლოზ იზორია (კრივი) - II წრე, ნესტორ ხერგიანი (ძიუდო) - II წრე, დავით ქევხიშვილი (ძიუდო) - II წრე, ლაშა გოგიტიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) -II წრე, რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) -II წრე, გელა საღირაშვილი(თავისუფალი ჭიდაობა) - II წრე, ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა) - XXVIII, დავით ილარიანი (მძლეოსნობა) - II საკვალიფიკაციო ეტაპი, მარიამ ქევხიშვილი (მძლეოსნობა) - XXX, კახაბერ ჟვანია (კრივი) - I წრე, ზაზა კედელაშვილი (ძიუდო) - I წრე, საბა გავაშელიშვილი (ძიუდო) - I წრე, დავით ბედინაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) -I წრე, ბადრი ხასაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) -I წრე, ილია გიორგაძე (სპორტული ტანვარჯიში) - I საკვალიფიკაციო ეტაპი, ანა სალნიკოვა (ცურვა) - XXXXVIII, ირაკლი რევიშვილი (ცურვა) - LIV, რაულ ცირეკიძე (ძალოსნობა) - უადგილოდ.