ერთი ჩემპიონის ისტორია

ჰელსინკი 1952

25 ივნისი 2012

XV ოლიმპიური თამაშები, 1952, 19 ივლისი-3 აგვისტო. ჰელსინკი, ფინეთი.

სხვა კანდიდატები:

  • ამსტერდამი
  • დეტროიტი
  • ლოს-ანჯელესი
  • მინეაპოლისი
  •  ფილადელფია
  • ჩიკაგო

სპორტის სახეობათა რაოდენობა: 17
მედლების კომპლექტი: 149

მონაწილეობდა 69 ქვეყნის 4925 სპორტსმენი (მათ შორის 518 ქალი).

თამაშები გახსნა - ფინეთის პრეზიდენტმა იუჰა პაასიკივიმ

ათლეტთა სახელით ფიცი დადო ჰეიკი სავოლაინენმა (ტანვარჯიში).

ოლიმპიადის გმირები:ჯემილ ზატოპეკი (ჩეხოსლოვაკია)
ვიქტორ ჩუკარინი (სსრკ)

 

 

1952 წლის თამაშების მთავარი მოვლენა ოლიმპიურ ასპარეზობაზე საბჭოთა კავშირის გამოჩენა იყო, რომლებიც საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში გამოდიოდნენ. ფინეთის დედაქალაქში შედგა ქართველ სპორტსმენთა ოლიმპიური დებიუტიც. ამ დროიდან, წლების განმავლობაში ოლიმპიადები სპორტის სამყაროს ორი გიგანტის სსრ კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მძაფრი მეტოქეობის ნიშნით ტარდებოდა. ფინეთში ჩასულმა საბჭოთა დელეგაციამ უარი განაცხადა, კაპილას ოლიმპიურ სოფელში "კაპიტალისტი სპორტსმენების" გვერდით ცხოვრებაზე და ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებთან ერთად ჰელსინკის სტუდქალაქში დაბინავდა. ჰელსინკში კვლავ დაუშვეს ოლიმპიადაზე გერმანია და იაპონია. გერმანელებს გაერთიანებული გუნდი უნდა გამოეყვანათ, მაგრამ გდრ-ის სპორტის ხელმძღვანელებს ოლიმპიური ნაკრების შედგენის პრინციპი არ მოეწონათ და ასპარეზობაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე სეფე-სიტყვა ფინეთის პრეზიდენტმა იუჰა პაასიკივიმ წარმოთქვა. ოლიმპიური ჩირაღდანი სტადიონზე შეიტანა განვლილი ოლიმპიური ბატალიების გმირმა, 55 წლის სტაიერმა პაავო ნურმიმ და გადასცა თავის არანაკლებ სახელოვან წინამორბედს, 62 წლის ჰანეს კოლეჰმაინენს, რომელმაც აანთო ოლიმპიადის ცეცხლი.
მსოფლიოს ახალ ოლიმპიურ გმირად მოევლინა ასევე სტაიერი - სახელგანთქმული ჩეხი მორბენალი, წინა თამაშების ჩემპიონი 10 ათას მეტრზე რბენაში ემილ ზატოპეკი, რომელმაც 3 ოქროს მედალი მოიგო - 5 და 10 ათას მეტრზე რბენასა და მარათონში. ზატოპეკთან ერთად ჰელსინკის თამაშების გმირად იქცა რუსი ტანმოვარჯიშე ვიქტორ ჩუკარინი. მან 6 ოლიმპიური მედალი მოიგო: 4 ოქროსი და 2 ვერცხლისა. მძლეოსნურ ათჭიდში კვლავ გაიმარჯვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბობ მათიასმა, რომელმაც თავის თანამემამულეს II ადგილზე გასულ მილტონ კემპბელს მთელი 912 ქულით აჯობა და შეჯიბრება უფრო იოლად მოიგო, ვიდრე ოთხი წლის წინათ ლონდონში. იგი პირველი ათჭიდელია, რომელმაც თავისი ტიტულის დაცვა შეძლო. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონის სახელი მოიპოვა ესტონელმა სუპერმძიმეწონოსანმა იოჰანეს კოტკასმა, რომლის ოქროს მედალიც ოლიმპიური მოძრაობის ცნობილმა მკვლევრებმა, ერის კამპერმა და ბილ მელონმა საბჭოთა კავშირს კი არა, ესტონეთს მიაწერეს. ქართველთაგან პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილის მოჭიდავე დავით ციმაკურიძე. სულ ფინეთში საქართველოდან 12 სპორტსმენი გაემგზავრა. დავით ციმაკურიძის გარდა, ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვეს ტანმოვარჯიშე მედეა ჯუღელმა და ძალოსანმა რაფიელ ჩიმიშკიანმა. ჯუღელმა ერთი ვერცხლის მედალიც დაისაკუთრა. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ლევან სანაძემ სპრინტერულ ესტაფეტაში და ოთარ ქორქიამ და ნოდარ ჯორჯიკიამ - კალათბურთში. ბადროს მტყორცნელი ნინო დუმბაძე და მორბენალი ნადეჟდა დვალიშვილ-ხნიკინა III ადგილზე გავიდნენ. XV თამაშებში გამოდიოდა კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, საგარეჯოელი ფალავანი არსენ მეკოკიშვილი, რომელიც იმხანად უკვე მოსკოვში ცხოვრობდა და საბჭოთა ნაკრებში ამ ქალაქს წარმოადგენდა. თავისუფალი სტილის მძიმეწონოსან მოჭიდავეთა ასპარეზობის ფინალში მეკოკიშვილი სახელგანთქმულ შვედ სპორტსმენს, ბერტილ ანტონსონს შეხვდა. მეტოქეებმა თანაბარ ბრძოლაში ერთმანეთს არაფერი დაუთმეს. მსაჯთა გადაწყვეტილებით, გამარჯვება მეკოკიშვილს მიეკუთვნა.
მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი დაისაკუთრა უნგრელმა მოკრივემ ლასლო პაპმა. ლონდონში მოპოვებული ტიტული დაიცვა აგრეთვე ლეგენდარულმა ცალხელა სნაიპერმა კაროი ტაკაჩმა, რომელმაც პისტოლეტით ჩქაროსნული სროლა მოიგო. "ოქროს დუბლი" შეასრულა ორმა ქალმა - ამერიკელმა წყალში მხტომელმა პატრიცია მაკ-კორმიკმა და ავსტრალიელმა სპრინტერმა მარჯორი ჯექსონმა, რომელმაც 100- და 200-მეტრიან დისტანციაზე შეჯიბრებები მსოფლიო რეკორდებით მოიგო. ტანმოვარჯიშე კაცთა და ქალთა ასპარეზობა საბჭოთა სპორტსმენების გამარჯვებით დამთავრდა. ეს მათი პირველი ოფიციალური გამოსვლა იყო საერთაშორისო ასპარეზზე. ქალთა შორის ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მარია გოროხოვსკაია, რომელმაც 2 ოქროს და 5 ვერცხლის მედალი დაიმსახურა. 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი წაიღო ჰელსინკიდან სახელოვანმა იტალიელმა მოფარიკავემ ედოარდო მანჯიაროტიმ. მან დაშნით ფარიკაობის ფინალში თავისი ძმა - დარიო მანჯიაროტი დაამარცხა. ფარიკაობაში ოლიმპიური მედლები ტრადიციისამებრ სამი ქვეყნის - იტალიის, საფრანგეთის და უნგრეთის სპორტსმენებმა გაინაწილეს. უნგრელმა ხმლით მოფარიკავეებმა კვლავ დაამტკიცეს, რომ მსოფლიოში ტოლი არა ჰყავთ - საპატიო კვარცხლბეკზე სამი უნგრელი იდგა: პალ კოვაჩი, ალადარ გერევიჩი, ტიბორ ბერჩელი. რაპირით შეჯიბრებაში ორი ოქროს მედალი, პირადსა და გუნდურში მოიგო ყველა დროის საუკეთესო ფრანგმა მოფარიკავემ კრისტიან დ, ორიოლამ. დაშნით მებრძოლთა შორის პირველები იყვნენ იტალიელები მანჯიაროტის მეთაურობით. ცხენოსნობაში გაიმარჯვეს შვედმა სპორტსმენებმა, რომლებმაც 6 ოქროს მედლიდან 4 მოიგეს და მხოლოდ დაბრკოლებათა გადალახვაში დაუთმეს პირველობა დიდბრიტანელებსა და სახელოვან ფრანგ მხედარს, პიერ ჟონკერ დ, ორიოლას. ეროვნებათა დიდი პრიზის გათამაშებაში 2 ოქროს მედალი მოიგო ჰენრი სენ-სირმა. მეორე ადგილზე გავიდა დანიელი ლის ჰარტელი. ის, რომ ქალმა ცხენოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა თავისთავად ცალკე აღნიშვნის ღირსია, მაგრამ ჰარტელის ეს წარმატება ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. საქმე ის არის, რომ 20 წლის ასაკში, როცა მეორე შვილს ელოდა, ლის ჰარტელი პოლიომიელიტით დაავადდა და საწოლს მიეჯაჭვა. ახალგაზრდა ქალს იმდენი სულიერი ძალა აღმოაჩნდა, რომ ავადმყოფობას მოერია და, თუმცა ჰელსინკის თამაშების დროს ცალი ფეხი ჯერ კიდევ პარალიზებული ჰქონდა, თავისი არაადამიანური ძალისხმევისთვის ჯილდოდ ოლიმპიური ვერცხლის მედალი მიიღო. ლის ჰარტელი პირველი ქალია, რომელიც ცხენოსნობაში მამაკაცების მხარდამხარ გამოვიდა ოლიმპიურ თამაშებში.
ლასლო პაპის მეორე ოქროს მედლის გარდა, ჰელსინკის ოლიმპიადის მოკრივეთა ტურნირი კიდევ ერთი სპოტსმენის გამარჯვებით შევიდა ისტორიაში: მეორე საშუალო წონაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა მსოფლიოს მომავალი აბსოლუტური ჩემპიონი პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ამერიკელი ფლოიდ პატერსონი.


საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები
XV ოლიმპიადა. ჰელსინკი.14 მონაწილე. 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი. დავით ციმაკურიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - I ადგილი, რაფაელ ჩიმიშკიანი (ძალოსნობა) - I, მედეა (მზია) ჯუღელი (ტანვარჯიში) - I და II , ოთარ ქორქია (კალათბურთი) - II, ნოდარ ჯორჯიკია (კალათბურთი) - II, ლევან სანაძე (მძლეოსნობა) - II, ნადეჟდა ხნიკინა (მძლეოსნობა) - III, ნინო დუმბაძე (მძლეოსნობა) - III, ელენე გოკიელი (მძლეოსნობა) - IV ადგილი ნახევარფინალში, ავთანდილ ღოღობერიძე (ფეხბურთი) - მერვედფინალი, ავთანდილ ჭკუასელი (ფეხბურთი) - მერვედფინალი, ოთარ დადუნაშვილი (ველოსპორტი) - მეთექვსმეტედფინალი, აკაკი მეიფარიანი (ფარიკაობა) - II წრე, ვლადიმერ ლავრინენკო (ცურვა) - XXV.