- ქართველები ოლიმპიადებზე
- ქართველები ზამთრის ოლიმპიადაზე
- ზამთრის ოლიმპიური სახეობები
- ზაფხულის ოლიმპიური სახეობები
- ოლიმპიური ჩემპიონები
- ოლიმპიური პრიზიორები
- ოლიმპიური თამაშები
- ზაფხულის ოლიმპიური თამაშები
- ზამთრის ოლიმპიური თამაშები
- ოლიმპიური მოძრაობა
- პარაოლიმპიური თამაშები
- ოდა სპორტს
- საერთაშორისო ოლიმპიური მუზეუმი
- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი
- ევროპის ოლიმპიური კომიტეტი
- ოლიმპიური ქარტია
- საერთაშორისო ოლიმპიური აკადემია
- ანტიკური ოლიმპიური თამაშები
- ქართული სპორტის ქრონიკები
- ქართველი მსოფლიო რეკორდსმენები
- საქართველო ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე
- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
- ოლიმპიური სტატისტიკა
- ლევან ვარდოსანიძე / LEVAN VARDOSANIDZE
- მწვრთნელები
ოლიმპიური მოძრაობა
ამობეჭდვაოლიმპიური მითები. ოლიმპიური თამაშების წარმოშობის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ერთი ასეთი ლეგენდა დაკავშირებულია ლიდიელი გმირის - პელოპის, ელიდის მეფის, ოინომაოსისა და მისი ქალიშვილის - ჰიპოდამიას სახელებთან.
ოინომაოსს უწინასწარმეტყველეს, ქალიშვილის გათხოვებას შეეწირებიო. უბედურებისგან თავის დასაღწევად, ოინომაოსმა განაცხადა, ჰიპოდამიას იმას გავატან, ვინც ეტლებით რბოლაში მაჯობებსო. მეფეს არესის ნაჩუქარი ცხენების იმედი ჰქონდა. შეჯიბრებაში დამარცხებულ მეტოქეს ოინომაოსი სიცოცხლეს ასალმებდა. მაგრამ ჰიპოდამიას ხელის ერთ-ერთი მაძიებელი, ზევსის შვილიშვილი პელოპი, ეშმაკი გამოდგა. მან მოისყიდა მეფის მეჯინიბე, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში ნახევარ სახელმწიფოს დაჰპირდა. შეჯიბრების წინ მეჯინიბემ ეტლის ერთი თვალი ცუდად მოარგო. პელოპმა მართლაც მოიგო რბოლა _ ოინომაოსის ეტლი გატყდა და მეფე დაიღუპა. მეორე ვარიანტის მიხედვით, პელოპმა პატიოსნად მოიპოვა გამარჯვება პოსეიდონის ნაჩუქარი ცხენებით, ხოლო ელიდის მეფემ ამ დამარცხების გამო თავი მოიკლა. ასე იყო თუ ისე, პელოპმა ტახტი ხელთ იგდო და ჰიპოდამიაც შეირთო, ღრმა მოხუცებულობამდე იმეფა და დიდი პატივით დაკრძალეს. გადმოცემის თანახმად, სწორედ მისი დასაფლავების ცერემონიალი დაედო საფუძვლად ოლიმპიურ თამაშებს.
ბერძენი ისტორიკოსის, პავსანიასის ცნობით, ოლიმპიური თამაშები დააფუძნა ჰერაკლემ, უფრო ზუსტად, მან ააღორძინა პელოპის დროინდელი თამაშები და ასპარეზობა ზევსს მიუძღვნა. ეს მოხდა მისი მეშვიდე გმირობის შემდეგ (ავგეასის თავლების დასუფთავება). ჰერაკლემ თავად აირჩია ადგილი, სადაც ამ გმირობის აღსანიშნავად ზეიმი უნდა გამართულიყო. მან მოაწყო შეჯიბრება რბენაში თავის ოთხ ძმას შორის, თანაც, თვითონ განსაზღვრა სარბენი ბილიკის სიგრძე - 600 ტერფი. ეს იყო სტადია - სტადიონის ერთი სიგრძე, ანუ 192,27 მეტრი. გამარჯვებული ჰერაკლემ ზეთისხილის რტოს გვირგვინით დააჯილდოვა.
შემორჩენილია ლეგენდა, რომელიც ოლიმპიური თამაშების წარმოშობას ზევსის სახელს უკავშირებს, ამ ლეგენდის მიხედვით, ბერძნების უზენაესმა ღვთაებამ თამაშები დააწესა ქრონოსზე გამარჯვების აღსანიშნავად.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე IX საუკუნეში ბერძნული სახელმწიფოები ხანგრძლივმა ომებმა განადგურების პირამდე მიიყვანა. ელიდეს მეფე იფიტოსი, რომლის სამფლობელოშიც ოლიმპია მდებარეობდა, რჩევის მისაღებად დელფოს სამისნოს ეწვია. ღვთაებრივმა ხმამ იფიტსა და მის ამალას ღმერთების საკადრისი თამაშების მოწყობა უბრძანა. თამაშების ჩასატარებლად ელიდის მეფემ წმინდა კავშირი შეკრა სპარტის მბრძანებელთან, ლიკურგოსთან და ... "დამკვიდრდა ათლეტური თამაშები, რომლებიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა". გადმოცემის თანახმად, ეს მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 884 წელს.
ოლიმპიური რელიგია. ასე ეწოდება ბერძნული პოლისების (ქალაქ-სახელმწიფოების) ოფიციალურ რელიგიას მათი აყვავების პერიოდში. ღმერთები ოლიმპოს მთაზე ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ, თუმცა თითოეულს თავისი საკუთარი სასახლეც ჰქონდა. მათ ოლიმპიელ ღმერთებს უწოდებენ. ოლიმპიელთა უზენაესი ღვთაება იყო ზევსი - ღმერთთა და კაცთა მბრძანებელი, კრონოსისა და რეას ვაჟი, ყველა ციური მოვლენის, განსაკუთრებით კი ელვისა და ჭექა-ქუხილის წარმმართველი.
- ზევსის გარდა, ოლიმპიელთა დასს მიეკუთვნებიან:
- პოსეიდონი - წყლის სტიქიის მბრძანებელი, ზევსის ძმა;
- ჰადესი - ქვესკნელის სამეფოს მპყრობელი, ზევსის ძმა;
- ჰერა - ზევსის და და მეუღლე, ღმერთთა დედოფალი, ოჯახისა და ქორწინების მფარველი;
- დემეტრა - ნაყოფიერების ქალღმერთი, ზევსის და;
- ჰესტია - ოჯახის კერის მფარველი ღვთაება, ზევსის და;
- ათენა პალადა - სიბრძნის ქალღმერთი, მეცნიერებათა, სამართლიანი ომის, ხელსაქმეთა და ხელოსნობათა, ქალაქებისა და გმირების მფარველი;
- აფროდიტე - სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი, მარადიული ახალგაზრდობის განსახიერება, ზევსის შვილი;
- არტემიდე - ნადირობის ქალღმერთი, ცხოველთა მფარველი, ზევსის შვილი;
- აპოლონი - სინათლის, პოეზიისა და მკურნალობის ღვთაება, მუზების წინამძღოლი, ხელოვნებათა მფარველი, ზევსის შვილი;
- ჰეფესტოსი - ცეცხლისა და სამჭედლო ხელოვნების ღმერთი, ზევსის შვილი;
- არესი - ომის ღმერთი, ზევსის შვილი;
- ჰერმესი - ვაჭრობის ღვთაება, თაღლითებისა და ქურდების, ჯოგისა და ფარის, აგრეთვე ტანვარჯიშის მფარველი, ღმერთების მაცნე;
- ირიდა - ღმერთების მაცნე ქალღმერთი;
- თემიდა - მართლმსაჯულების, კანონიერების და წინასწარმეტყველებათა ღვთაება;
- ჰებე - სიჭაბუკის ქალღმერთი;
- დიონისე - მცენარეთა, მევენახეობის, ღვინისა და მეღვინეობის ღვთაება;
ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ოლიმპიელი ღმერთებისადმი რწმენა დავიწყებას მიეცა, შემორჩა მხოლოდ არტემიდესა და დიონისეს კულტი. ოლიმპიური რელიგიის სხვა ფიგურებს - სატირებს, ნიმფებს, ლამიას, მორმოს და ა.შ. ადრეულ შუა საუკუნეებამდე სცემდნენ თაყვანს, მოგვიანებით კი მათ ფოლკლორში გადაინაცვლეს.
ოლიმპია. ძველი ბერძნული ქალაქი ელიდაში, პელოპონესის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით. რელიგიური ცენტრი, ზევსის კულტისა და მისდამი მიძღვნილი თამაშების ჩატარების ადგილი. არქიტექტურული ანსამბლი ჩამოყალიბდა ძვ.წ. VII-IV საუკუნეებში. განადგურდა 426 წელს რომის იმპერატორ თეოდოსი II-ის ბრძანებით, როგორც წარმართული სარწმუნოების კერა. გადარჩენილი ნაგებობები და ქანდაკებები დაინგრა 522 და 551 წლების მიწისძვრების შედეგად.
ოლიმპიის გათხრები პირველად დაიწყეს ფრანგმა არქეოლოგებმა 1829 წელს. გათხრებმა სისტემატური ხასიათი მიიღო 1875 წელს (გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ექსპედიცია ერნსტ კურციუსის ხელმძღვანელობით). ოლიმპიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია 130 ქანდაკება, 13 ათასამდე ბრინჯაოს ნივთი, 10 ათასამდე წარწერა ბრინჯაოს ფირფიტებზე, პელოპის სამლოცველოს (ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრული), ჰერას (VII ან VI ს. დასაწყისი), ზევსის (ძვ.წ. 468-456 წწ. არქიტექტორი ლიბონი), ღმერთების დედის (მეტროონი, ძვ.წ. IV ს.), ზევს სოსიპოლისის და ილითიას (ძვ.წ. 363 წ ) ტაძრების, თორმეტი საგანძურისა და სხვა ნაგებობების ნაშთები. წმინდა ადგილის, სატაძრო კომპლექსის ფარგლებს გარეთ მდებარეობს ბულევტერიონის (ძვ.წ. VI-V სს.), კლასიკური ეპოქის სტადიონის, ლეონიდაიონის (ძვ.წ. IV ს. არქიტექტორი ლეონიდე), გიმნასიონის და ელინისტური პალესტრების ნანგრევები. ოლიმპიის მუზეუმში, ინახება გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთები და ქანდაკებები (მათ შორის აღსანიშნავია პრაქსიტელის "ჰერმესი ჩვილი დიონისეთი" და პეონიოსის "ნიკე"). დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ჰერას ტაძრის ნანგრევებთან ანთებენ თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანს და აქედან იწყება ე. წ. ცეცხლოვანი ესტაფეტა. 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიაში საგანგებო სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. იქვე გაიმართა ბირთვის მკვრელთა ოლიმპიური შეჯიბრება.
ოლიმპიადა. ოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო ოლიმპიურ თამაშებს შორის. პირველი ანტიკური ოლიმპიადის წლად ითვლება ძვ. წ. 776 წელი. ოლიმპიადების მიხედვით წლლთაღრიცხვა შემოიღო ბერძენმა ისტორიკოსმა ტიმეოსმა ძვ. წ. 264 წელს.
ოლიმპიონიკი. ანტიკურ ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებული სპორტსმენი. მის პატივსაცემად იდგმებოდა ძეგლები, თხზავდნენ ლექსებს, ქმნიდნენ სიმღერებს, ჭრიდნენ მონეტებს. პირველი ოლიმპიონიკი იყო ელადელი მზარეული, გვარად კორობოსი, რომელმაც ძვ. წ. 776 წელს მოიგო რბენა ერთ სტადიაზე (192, 27 მ).
ოლიმპიური მოძრაობა. აერთიანებს იმ ორგანიზაციებს, სპორტსმენებსა და სხვა პირებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ ოლიმპიური ქარტიით და ოლიმპიზმის პრინციპებით. ოლიმპიური მოძრაობა, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი წარმართავს, სათავეს თანამედროვე ოლიმპიზმიდან იღებს. ამ მოძრაობის მიზანია ახალგაზრდობის სპორტთან ზიარების მეშვეობით მშვიდობიანი და ცივილიზებული სამყაროს შექმნის ხელშეწყობა, მეგობრობის, სოლიდარობის, კაცთმოყვარეობისა და ჯანსაღი შეჯიბრების პრინციპებზე დაფუძნებული, ყოველგვარი დისკრიმინაციისგან თავისუფალი ოლიმპიური სულისკვეთების განვითარება.
ოლიმპიური მოძრაობა მუდმივი და უნივერსალურია. იგი მწვერვალს აღწევს მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე იკრიბებიან.