ანტიკური ოლიმპიური თამაშები

ამობეჭდვა

კომპლექსური შეჯიბრება ძველ საბერძნეთში - უმთავრესი ოთხი პანელინური თამაშებიდან (დანარჩენი სამი იყო: ისთმიური, ნემეური, პითიური) . იმართებოდა ოლიმპიაში, ელიდაში, პელოპონესის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში. პირველ ოლიმპიურ თამაშებზე კონკრეტული ცნობები არ მოიპოვება. ყველაზე ადრეული და ისტორიულად სარწმუნო ცნობა თარიღდება ძვ.წ. 776 წლით, როცა გამარჯვებულთა გვარების ჩაწერა და თამაშების აღრიცხვა დაიწყეს.

ანტიკური ოლიმპიური თამაშები საერთო-სახალხო რელიგიური დღესასწაული იყო, რომელიც საკულტო ცერემონიალისა და სპორტული შეჯიბრებებისგან შედგებოდა. ეძღვნებოდა ძველბერძნული პანთეონის უმაღლეს ღვთაებას - ზევსს. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ოლიმპიური თამაშები თვით ზევსმა დააფუძნა, სხვა ლეგენდის მიხედვით - მისმა ვაჟმა, ჰერაკლემ. გარკვეული ისტორიული საფუძველი აქვს გადმოცემას, რომელიც მოგვითხრობს, რომ შინაომებისგან გატანჯულმა ელიდის მმართველმა იფიტემ დელფოს ორაკულს სთხოვა რჩევა, როგორ შეეწყვიტათ შინაომი და შუღლი. ორაკულმა მას მივიწყებული ოლიმპიური თამაშების აღდგენა ურჩია. იფიტემ ამ წინადადებით მიმართა სპარტის მმართველს, ლიკურგეს და შესთავაზა დღესასწაულის პერიოდში "ეკეიხერია" - "წმინდა ზავი" გამოეცხადებინათ.

მართლაც, ოლიმპიური თამაშების დროს, ერთი თვის განმავლობაში, საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე ომი წყდებოდა. თამაშები იმართებოდა `წმინდა თვეს~, რომელიც იწყებოდა პირველი მთვარის აღვსების შემდეგ და მოსდევდა ზაფხულის ბუნიობას. დღესასწაული მეორდებოდა ყოველი 1417 დღის შემდეგ (ე.ი. ოთხ წელიწადში ერთხელ) - ეს შეადგენდა ბერძნულ ოლიმპიურ წელიწადს, ანუ "ოლიმპიადას". იფიტესა და ლიკურგეს შორის შეთანხმებას ადასტურებს ბერძენი ისტორიკოსი პავსანიუსი. მისი ცნობით, ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში ოლიმპიის ერთ-ერთ ტაძარში ინახებოდა სპილენძის დისკო, რომელზეც ამოტვიფრული იყო "წმინდა ზავის" პირობები. მეცნიერთა ვარაუდით, ოლიმპიადებში თამაშებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ თავისუფალ ბერძნებს. მონები და ბარბაროსები (უცხოელები) ამ საპატიო უფლებას მოკლებულნი იყვნენ, თუმცა თამაშებში ვერც ყველა თავისუფალი ბერძენი გამოვიდოდა. ასპარეზობაში მონაწილეობის ერთი აუცილებელი პირობა იყო 10 თვის განმავლობაში სისტემატური ვარჯიში ელანოდიკების (თამაშების ორგანიზატორებისა და მსაჯების) მეთვალყურეობით. წვრილი მიწათმოქმედები და ხელოსნები ძირითად საქმეს, ასე დიდი ხნით, ცხადია, ვერ მოსწყდებოდნენ. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედიოდა სირბილი სხვადასხვა დისტანციაზე (სტადიონი - ერთ სტადიაზე,  დიაულოსი - ორ სტადიაზე, დოლიჰოსი - უმეტესად, ოც სტადიაზე, ჰოპლიტოდრომოსი, ანუ აბჯრით სირბილი - ორ სტადიაზე), სიგრძეზე ხტომა, ბადროსა და შუბის ტყორცნა, ჭიდაობა, პენტათლონი, კრივი, პანკრატიონი, ცხენოსნური შეჯიბრებები.

გამარჯვებულს დაფნის გვირგვინით ამკობდნენ, სწამდათ, რომ მას თვითონ ზევსი ირჩევდა. ანტიკურ ოლიმპიურ თამაშებში ყველაზე მეტი, 12 გამარჯვება მოიპოვა როდოსელმა მორბენალმა ლეონიდასმა, რომელიც 164,160,156 დ 152 წლების ოლიმპიადებში გამოდიოდა და ჩემპიონი გახდა ერთდროულად სამ დისციპლინაში - სტადონში, დიაულოსსა და ჰოპლიტოდრომოსში. გამოჩენილი სპორტსმენები იყვნენ აგრეთვე კროტონელი მოჭიდავე მილო და როდოსელი მოკრივე დიაგორასი.
ანტიკურ ოლიმპიურ თამაშებს პირობითად ხუთ პერიოდად ყოფენ:

I პერიოდი.
მოიცავს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776-720 წლებს, როცა დღესასწაულს მხოლოდ ადგილობრივი ხასიათი ჰქონდა: მასში მონაწილეობდნენ დასავლეთ პელოპონესის მცხოვრებნი.

II პერიოდი.
720-576 წლები. ცნობილია სპარტანული პერიოდის სახელითაც.

III პერიოდი.
ოლიმპიური თამაშები საერთო-ბერძნულ მნიშვნელობას იძენს. სხვაგვარად მას პანელინურ პერიოდსაც უწოდებენ. ამ დროს ოლიმპიადები აღმავლობას განიცდის და, მონათმფლობელურ დემოკრატიასა და ელინურ პატრიოტიზმთან ერთად, ფაქტობრივად, განვითარების უმაღლეს წერტილს აღწევს.

IV პერიოდი.
მაკედონიური პერიოდი. იწყება პერონის ბრძოლის შემდეგ (ძვ. წ. 338 წელი) და ოლიმპიადების ისტორიაში დაცემის ხანად იხსენიება. თამაშებში გამოსვლას იწყებენ პროფესიონალი ათლეტები.

V პერიოდი.
იწყება საბერძნეთის მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ (ძვ. წ.146 წელი). ამ პერიოდში დღესასწაული კვლავ ადგილობრივი მნიშვნელობისა ხდება. ძველი დიდებისა და ბრწყინვალებისგან მას მხოლოდ გარეგნული ფორმა აქვს შერჩენილი.

ოლიმპიური თამაშები აკრძალა რომის ომპერატორმა თეოდოსიუს პირველმა 394 წელს, როგორც წარმართული რიტუალი. ერთი წლის შემდეგ მდინარე ალფეოსის ნაპირთან მოხდა ბრძოლა რომაელებსა და გოთებს შორის. ოლიმპია დაინგრა. 426 წელს იმპერატორ თეოდოსიუს მეორის ბრძანებით, ოლიმპიის წარმართული ტაძრის ნანგრევები საბოლოოდ გაანადგურეს.