პარაოლიმპიური თამაშები

ამობეჭდვა

ოლიმპიური თამაშების მსგავსი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება თანდაყოლილი ან შეძენილი ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებისთვის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ, იქვე, სადაც ოლიმპიური თამაშები იმართება. ასპარეზობის შემოღების იდეა უკავშირდება ინგლისელი ნეიროქირურგის ლუდვიგ გუტმანის სახელს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქ ეილსბერიში, სტიქ-მენდევილის ჰოსპიტლის ბაზაზე ხერხემლის ტრავმების სამკურნალო ცენტრი დააარსა. მან პირველმა ჩართო აქტიური სპორტი იმ ჯარისკაცთა რეაბილიტაციის პროცესში, რომლებსაც ზურგის ტვინი ჰქონდათ დაზიანებული. 1948 წლის 28 ივლისს სტოქ-მენდევილის ჰოსპიტალში გაიმართა პირველი შეჯიბრება მშვილდოსნობაში ინვალიდებს შორის მონაწილენი სარბიელზე ეტლებით გამოვიდნენ. ტურნირი სიმბოლურად დაემთხვა ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის თარიღს. 1956 წელს ლუდვიგ გუტმანმა შეიმუშავა ქარტია, რომელიც საფუძვლად დაედო ინვალიდთა სპორტის განვითარებას მთელ მსოფლიოში. 1960 წელს, რომის XVII ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე გაიმართა ინვალიდთა საერთაშორისო შეჯიბრება ერთდროულად რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში. მონაწილეობდა 23 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი.

1976 წელს შვეიცარიაში გაიმართა ზამთრის პირველი თამაშები ინვალიდებისთვის. 1988 წელს, სეულის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა ოლიმპიური დარბაზები და სტადიონები ინვალიდებს დაუთმეს. აქედან მოყოლებული, ამ შეჯიბრებას პარაოლიმპიური თამაშები ეწოდება. 1982 წელს შეიქმნა ინვალიდთა სპორტის მსოფლიო ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტი, რომელმაც ხელი შეუწყო პარაოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციასა და გაფართოებას.

1989 წლიდან  ჩამოყალიბდა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი. დღეს მის შემადგენლობაში შედის 163 ქვეყნის ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი და 5 საერთაშორისო სპორტული ფედერაცია. პარაოლიმპიელები მონაწილეობენ 20-ზე მეტ სპორტულ დისციპლინაში. მათ შორისაა: მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ძალოსნობა, ველოსპორტი, კალათბურთი, ფეხბურთი, ჰოკეი, ფარიკაობა, თხილამურობა, მაგიდის ჩოგბურთი და სხვა სახეობები.